Random
Source Code

Georgia

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში, როგორც მიხეილ ადამაშვილი 1880 წლის 8 ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903—1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.

Georgia

by karoman12345 May 14, 2021